დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე აბუ დაბიში, "ზაიედ სპორტს სიტის”
სტადიონზე გასამართ შეხვედრაში გაირკვევა, ფეხბურთის არაერთი
გულშემატკივრის მიერ საუკეთესოდ აღიარებული "ბარსელონა” ოფიციალურად
მოიპოვებს თუ არა მსოფლიოში საუკეთესო გუნდის ტიტულს. კატალონიელებს
ეს ტურნირი არასდროს მოუგიათ. სამი წლის წინ ისინი ასევე ლიბერტადორესის
თასის გამარჯვებულ გუნდთან დამარცხდნენ მინიმალური სხვაობით. სხვათაშორის,
"ბარსელონა” არის პირველი გუნდი, რომელიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში
მეორედ ითამაშეებს.
რაც შეეხება "ესტუდიანტესს”, მართალია არგენტინული კლუბი ლიბერტადორესის
თასის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული კოლექტივია, მაგრამ ამ გუნდს
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი პირველად წელს მიეცა.
"ესტუდიანტესი” დღეს შეეცდება არა მხოლოდ საკუთარ, არამედ არგენტინული
ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოიპოვოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის
ტიტული. "ბარსა” კი საკლუბო მუნდიალზე ევროპელთა სამხრეთ ამერიკელებთან
გათანაბრებას ეშურება. ტურნირის პირველი სამი გათამაშება ბრაზილიურმა
კლუბებმა მოიგეს, ბოლო ორი კი ევროპის წარმომადგენლებმა.
"ბარსელონას” შემადგენლობაში მოედანზე გასვლის შანსი აქვს იმ ოთხ
ფეხბურთელს, რომლებმაც ითამაშეს სამი წლის წინ, პორტუ ალეგრის
"ინტერნასიონალთან” გამართულ ფინალში. ესენი არიან: ვიქტორ ვალდესი,
რაფაელ მარკესი, კარლეს პუიოლი და ხავი ერნანდესი. იმ მატჩში ასევე
ითამაშა ანდრეს ინიესტამ, მაგრამ დღეს "ბარსას” მე-8 ნომერი გუნდს ვერ
დაეხმარება.
ინიესტასგან განსხვავებით, მოედანზე გამოსვლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს
მესის, რომელმაც ნახევარფინალური მატჩი ტრავმის გამო სათადარიგოთა სკამზე
დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით თამაშში მაინც ჩაერთო და გოლიც გაიტანა.
"ატლანტესთან” გამართული შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა სეიდუ კეიტამ,
მაგრამ მალელმა ფეხბურთელმა ფინალისთვის ბოლომდე გამოჯანმრთელება მოახერხა.
მატჩის წინ კომენატერები გააკეთეს გუნდების ნახევარდაცვის ლიდერებმა, ვერონმა და ხავიმ.
ვეტერანი არნგენტინელი ფეხბურთელი შემდეგს აცხადებს: "რთული სათქმელია, თუ
რა შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს ამ ტიპის თამაშში. ჩვენს წინაში უდიდესი
რეპუტაციის მქონე კლუბია. ჩვენი მიზანი მათი შეტევების შეჩერება და ჩვენს
კართან შექმნილი სახიფათო მომენტების მინიმუმამდე დაყვანაა, ასევე ჩვენი
შანსების მაქსიმალურად გამოყენება”.
მეტოქეს აქებს ხავიც: "ესტუდიანტესთან” თამაში საკმაოდ რთული იქნება.
ფინალურ მატჩს საკმაოდ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რადგან არგენტინელებს
მებრძოლი გუნდი ჰყავთ. ჩვენი მიზანია ამ ტიტულის მოგება. კლუბისთვის ამ
ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ ენიჭება, რომ აქამდე არასდროს
მოუგია იგი. ასევე იმიტომ, რომ სამი წლის წინ ფინალში ერთხელ უკვე
დავმარცხდით”.