კატალონიის "ბარსელონას” კაპიტანმა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების უცვლელმა წევრმა კარლეს პუიოლმა, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორისო კარიერა დაასრულოს. აღნიშნული განცხადება პუიოლმა მუნდიალის დაწყებამდეც გააკეთა და აზრი ვერც მისი გუნდის ფინალში გასვლამ შეაცვლევინა. "ახლა მხოლოდ ფინალურ მატჩზე ვფიქრობ. ჰოლანდიასთან შეხვედრის შემდეგ საკმარისი დრო მექნება მოსაფიქრებლად და გადავწყვეტ განვაგრძობ თუ არა ნაკრებში თამაშს” – აცხადებს პუიოლი Supersport-თან საუბრისას. მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის 1/2-ფინალში, გერმანელთა კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორისთვის ფინალური შეხვედრა ესპანეთის ნაკრების რიგებში ჩატარებული 90-ე მატჩი იქნება. აქამდე ჩატარებულ 89 შეხვედრაში პუიოლმა მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. პუიოლმა სანაკრებო კარიერა 2000 წლის 15 ნოემბერს დაიწყო და საინტერესოა, რომ ესპანელთა მეტოქე იმ მატჩშიც ჰოლანდია იყო.