ესპანური "ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი გამოცემა France Football-ის
მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული "ოქროს ბურთის” მფლობელი
გახდა.
იგი კატალონიური კლუბის მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც ეს პრესტიჟული პრიზი მიიღო.
ამჯერად, გამოკითხვაში მეორე ადგილს დასჯერდა 2008 წლის საუკეთესო
ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. მესამე ადგილი კი, მესის თანაგუნდელს -
ხავის ერგო.
მესი "ოქროს ბურთის” მფლობელი პირველი არგენტინელია. მან გამოკითხვაში,
480 შესაძლებლიდან, 473 ქულა დააგროვა, რონალდომ – 233, ხავიმ კი – 170.
"გულახდილად გეტყვით, ვიცოდი, რომ ფავორიტი მე ვიყავი, რადგან 2009 წელს
"ბარსელონამ” არაერთი ტიტული მოიპოვა. მაგრამ ასეთი უპირატესობით
გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. "ოქროს ბურთი” ჩემთვის ძალიან
მნიშვნელოვანია. ყველა ფეხბურთელი, რომელსაც ეს პრიზი მოუპოვებია,
გამოჩენილია, თუმცა ზოგიერთ დიდ მოთამაშეს არასოდეს მიუღია იგი. კიდევ
ერთი ასეთი წარმატებული წლის ჩატარება იოლი არ იქნება. ვიმედოვნებ, კიდევ
მოვახერხებ ასე მაღალ დონეზე თამაშს. თუმცა, "ოქროს ბურთის” ზედიზედ ორი
წლის განმავლობაში დაუფლება ძალიან რთულია” – განაცხადა მესიმ France
Football-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
გამოკითხვის შედეგებით, საუკეთესო ათეული ასე დაკომპლექტდა:
1. ლიონელ მესი ("ბარსელონა”) – 473 ქულა
2. კრიშტიანუ რონალდუ ("მანჩესტერ იუნაიტედი”/"რეალი”) – 233
3. ხავი ("ბარსელონა”) – 170
4. ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა”) – 149
5. სამუელ ეტოო ("ბარსელონა”/"ინტერი”) – 75
6. კაკა ("მილანი”/"რეალი”) – 58
7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ინტერი”/"ბარსელონა”) – 50
8. უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი”) – 35
9. დიდიე დროგბა ("ჩელსი”) – 33
10. სტივენ ჯერარდი ("ლივერპული”) – 32.