ახალ კლუბს გრინიც დაგვიანებით შეუერთდა. მისმა "გრან კანარიამ" სეზონი
ომახიანად გახსნა - ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" დაამარცხა (81:76).
სადებიუტო მატჩში ტორინ გრინმა შეტევაში საკმარისად იაქტიურა და 11 ქულა
მოაგროვა. კუნძულელთაგან გრინზე მეტი მხოლოდ კეროლმა ჩააგდო - 19 ქულა.
ჩემპიონის
ძლევით დაწყებული საქმე ტორინის ახალმა გუნდმა კანარის კუნძულების
ჩემპიონობით განაგრძო. ტურნირში ოთხი გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან
მხოლოდ "გრან კანარია" წარმოადგენდა ესპანეთის უმაღლეს ლიგას.
ნახევარფინალში გრინის თანაგუნდელებმა "კანარიას" 6 ქულის სხვაობით სძლიეს
- 64:58. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 6 ქულა ჩააგდო.
ფინალში
"გრან კანარიას" უფრო სუსტი მეტოქე ერგო ("ლა პალმა") და იოლადაც
გაუსწორდა - 89:54. გრინის ერთი სამქულიანის შემდეგ ტაბლოზე მრგვალი
ანგარიში დაფიქსირდა - 50:30. ტორინმა "ლა პალმასთან" 9 ქულა მოინაგრა.
ესპანეთი
განვითარებული საკალათბურთო ქვეყანაა, შესაბამისად, თითოეულ ტრანსფერს
სათანადო ყურადღება ექცევა. ისევე, როგორც ნიკა ცქიტიშვილის შემთხვევაში,
კანარის კუნძულებზე ახალჩასულ ტორინ გრინსაც შესაფერისი წარდგენა მოუწყეს.
სეზონის დასაწყისში "გრან კანარიადან" მარკუს ნორისი წავიდა. "ქართველი" სწორედ მის შემცვლელად ჩაიყვანეს.
-
მარკუსი კარგი მოთამაშეა, აქ რამდენიმე სეზონი დამაჯერებლად ჩაატარა.
ვეცდები, მისი მემკვიდრეობა ღირსეულად გავწიო და კლუბს წარმატებულ თამაშში
დავეხმარო.
გრინს მის სადებიუტო მატჩზეც ჰკითხეს. -
"ბარსელონასთან" შეხვედრაში დაცვაზე გავამახვილეთ ყურადღება. ამის
წყალობით გავიმარჯვეთ კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს
ერთი-ორი კალათბურთელი აკლდათ, ჩემპიონის ძლევა მაინც გასახარია.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელს 2008-09 წლების სეზონი გაახსენეს. მაშინ იგი "სარაგოსას" ღირსებას იცავდა.
-
რთული სეზონი მქონდა. ამერიკიდან ევროპაში ახალი გადმოსული ვიყავი და
ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა. მოხარული ვარ, რომ ესპანეთში დავბრუნდი და
მეორე შანსი მომეცა. ახლა გაცილებით გამოცდილი ვარ, თამაშის კითხვაც
უკეთესად შემიძლია და ტემპის კონტროლიც... ევროპულ სტილს ალღო ავუღე.
გრინმა "გრან კანარიაზეც" ილაპარაკა:
-
როცა ამ გუნდიდან წინადადება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია, ხელშეკრულებას
ისე მოვაწერე ხელი. "გრან კანარია" კონკურენტუნარიანი გუნდია და ესპანეთის
ჩემპიონატში ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ვიმედოვნებ,
სასურველი შედეგის ჩვენებაში გუნდს მეც დავეხმარები.
გრინი გუნდის სათამაშო სტილსაც შეეხო:
-
მწვრთნელი დაცვაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს - აგრესიულად თამაშს
გვთხოვს. ეს კარგიცაა. როცა დაცვისას ყველაფერი წესრიგშია, შეტევაშიც
ნაკლები პრობლემაა. ვფიქრობ, შემიძლია, გუნდს კარგად დავეხმარო როგორც
დაცვაში, ისე შეტევაში.
პრესკონფერენციის ბოლოს სიტყვა მწვრთნელ პედრო მარტინესს ერგო:
-
გრინი მშრომელი ახალგაზრდაა. შეუძლია გუნდის აყოლიება, პასებსაც კარგად
ანაწილებს და სროლის სიზუსტითაც გამოირჩევა. ამასთან, შეუძლია
მოწინააღმდეგეთა გამორჩეული მსროლელების განეიტრალება.