"ბარსელონას" ფეხბურთელებს - ერიკ აბიდალსა და იაია ტურეს ღორის გრიპის
სიმპტომები აღმოაჩნდათ. ტესტებმა დაადასტურეს, რომ ორივე მათგანი H1N1
ვირუსით არის დაინფიცირებული. აღნიშნული ფეხბურთელები გუნდთან ერთად
"ბილბაოსთან" შეხვედრისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ სიმპტომების
შემჩნევისთანავე ისინი კარანტინში მოაქციეს და ამჟამად ექიმების
მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. "ჩვენ ამ პრობლემას გავუმკლავდებით.
დღესდღეობით ეს ვირუსი მთელ მსოფლიოში არის მოდებული და არსებობდა
საშიშროება იგი "ბარსას" დანარჩენ ფეხბურთელებსაც გადადებოდათ.
საბედნიეროდ, აბიდალისა და ტურეს იზოლირება ოპერატიულად მოხერხდა.
ვფიქრობ, გუნდში ღორის გრიპის მასიურად გავრცელების საფრთხე სადღეისოდ
აღარ არსებობს", - განუცხადა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ხოსეპ
გვარდიოლამ.
დასახელებული ფეხბურთელები "ბილბაოსთან" შეხვედრის გარდა, სავარაუდოდ, მომავალ უქმეებზე "სუპერკლასიკოსაც" დააკლდებიან.