"დინამოს" სტადიონი 1976 წელს გაიხსნა, იგი გახლავთ არქიტექტორთა მთელი ჯგუფის ნააზრევი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი გია ქურდიანი.
მანამდე მის ადგილზე გაცილებით პატარა, 35 ათასიანი ტევადობის სარბიელი იყო. დინამოელთა წარმატებებბმა აუცილებელ მოთხოვნად აქცია ტევადობის გაზრდა.
პირველი თამაში "დინამოს" ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფას თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის "კარდიფ სიტის" უმასპინძლეს და 3:0 - გაიმარჯვეს.
სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს "დინამო" ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს "ლივერპულს" მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1:2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებერლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი (!) გულშემატკივარი მოვიდა. მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში "დინამოს" სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.
მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი.
100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთს" შორის.
ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებიც, ასევე მოსკოვის "სპარტაკი", მოსკოვისა და კიევის "დინამოებიც" ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს.
უამრავ ქართველ, რუს, ევროპელ, თუ თქვენ წარმოიდგინეთ სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს დაუდგამს მის მინდორზე ფეხი. 1985 წელს "დინამოს" სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდათა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები.
წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელზეც 5:0 დაამარცხა უელსის ნაკრები, 3:0 მოუგო პოლონეთის ნაკრებს.
1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, ფეხბურთის კარუზოდ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. სხვათაშორის პაიჭაძე ერთ-ერთი პირველი დინამოელი და მისი მდიდარი ტრადიციების დამაარსებელიც იყო.
ქართულ ცნობიერებაში ეს სტადიონი ფეხბურთის მექასთან ასოცირდება და ალბათ ეს არცაა გასაკვირი. მას ახსოვს 1976, 1978 და 1979 წლების "დინამოს" ტრიუმფი და 1981 წელს თასების თასების მომპოვებელი დინამოელების დამხვედრი 80 ათასამდე გულშემატკივარი.
მცირე პაუზის შემდეგ, რაც სტადიონის რეკონსტრუქციასთან გახლდათ დაკავშირებული, ჩვენი გუნდი კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდა, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს.