"ბარსელონას” ნახევარმცველი ხავი ერნანდესი დარწმუნებულია, რომ შაბათს
"ესპანიოლთან” გასამართი კატალონიური დერბის წინ, პროგნოზების გაკეთება
უაზრობაა – მომავალ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "დიდი ბრძოლა
იქნება. "ესპანიოლი” ახლა არცთუ კარგ ფორმაში იმყოფება, თუმცა, ჩვენთან
მატჩში ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. დერბი გამორჩეული რამაა,
სადაც გამორიცხული არაფერია”, - აღნიშნა ხავიმ, რომელიც "ბარსას” ერთ-ერთ
ლიდერად ითვლება და მიმდინარე კვირაში კატალონიის წლის საუკეთესო
სპორტსმენადაც დაასახელეს.
გასულ სეზონში "ესპანიოლმა” "კამპ ნოუზე” სენსაციური გამარჯვება (2:1)
იზეიმა. მიუხედავად ამისა, ხავის რევანშის გრძნობა არ ამოძრავებს.
"შურისძიებას არ ვაპირებთ. სხვებთანაც წაგვიგია და ის თამაში გამორჩეული
არაფრით ყოფილა. გასული სეზონიდან მხოლოდ დადებითი ემოციები დამრჩა.
"ესპანიოლთან” კი დავმარცხდით, თუმცა, სეზონი სამი ტიტულით დავასრულეთ.
ერთადერთი რაც მინდა, ისაა, რომ კატალონიური დერბი სრული შემადგენლობით
დავასრულოთ”, - აღნიშნულით ხავი "ესპანიოლთან” გასული წლის მატჩს
გამოეხმაურა, რომელშიც მასპინძლებს სეიდუ კეიტა გაუძევეს.
მომავალ შეხვედრას გუნდები თითო წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ხვდებიან.
ტრავმების გამო, ხოსეპ გვარდიოლა არგენტინელ ლიონელ მესის მოისაკლისებს,
ხოლო მაურისიო პოჩეტინიო – ესპანელ ივან დე ლა პენიას. "ცხადია, ორივეს
დიდი დანაკლისი გვაქვს”, - განაცხადა ხავიმ, - "დე ლა პენია საკუთარი
გუნდის დირიჟორია. იგი თამაშის რიტმს განსაზღვრავს და მსოფლიოში საუკეთესო
ბოლო პასი გააჩნია, ჩვენს დანაკლისზე კი ბევრი სასაუბროც არაფერია –
პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი დაგვაკლდება”.
და ბოლოს. ხავის შემაჯამებელი კომენტარიც: "ბარსელონა” თამაშისთვის
საკუთარ ძალებში დარწმუნებული ემზადება. ვიცით, რომ კარგ ფეხბურთს
ვთამაშობთ და ბევრის მიღწევა შეგვიძლია. ჩემპიონთა ლიგის იმ ჯგუფში, სადაც
მხოლოდ ჩემპიონები ასპარეზობდნენ, პირველი ადგილი დავიკავეთ, რამაც
დამატებითი რწმენა შეგვმატა”.
კატალონიური დერბის შემდეგ, "ბარსელონა” გეზს არაბეთის გაერთიანებული
ემირატების დედაქალაქ აბუ-დაბისკენ აიღებს, სადაც მსოფლიოს საკლუბო
ჩემპიონატში ჩაებმება.