![Иван Нагибин и Жано Ананидзе. Иван Нагибин и Жано Ананидзе.](http://photo.championat.net/3/3571/full/125197.jpg)
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც პორტუგალიაში ევროპის 2011
წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, ჯანო ანანიძე
ვერ დაეხმარება.
ამის შესახებ ქართველ 19-წლამდელთა მთავარმა
მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა რადიო "პალიტრის” ეთერში, ლაშა დვალიშვილის
საავტორო გადაცემაში ("საუბრები სპორტზე”) განაცხადა და იქვე დასძინა –
მიზეზი თავად ანანიძეს ჰკითხეთო. მოსკოვის "სპარტაკის” ახალგაზრდა შემტევს
ინტერვიუების მიცემა კლუბის მიერ აკრძალული აქვს და ბუნებრივია, უშუალოდ
მისგან რაიმეს გაგება შეუძლებელია. თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელის
პორტუგალიაში არწასვლის მიზეზებს ალბათ ბევრი ძიებაც არ სჭირდება. საქმე
ისაა, რომ წინასწარი გეგმით, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მყოფი
ანანიძე მალტასთან და ლატვიასთან მატჩების შემდეგ უნდა უნდა შეერთდებოდა
19-წლამდელებს და ტურნირის ბოლო შეხვედრაში (16 ოქტომბერს აზერბაიჯანთან)
მიეღო მონაწილეობა. გადატვირთული რეჟიმის გათვალისწინებით, გასაკვირი
სულაც არ უნდა იყოს მისი პორტუგალიაში წაუსვლელობა და ამაზე წინასწარ
ფიქრი ასაკობრივ ნაკრებთა მწვრთნელებსაც მართებთ - თუ რა უარყოფითი შედეგი
შეიძლება გამოიღოს ახალგაზრდა ფეხბურთელის ერთდროულად რამდენიმე გუნდში
დატვირთვამ, ამის არაერთი მაგალითი გვქონია.
ქართველები 19-წლამდელები პორტუგალიაში 9 ოქტომბერს გამთენიისას
გაემგზავრნენ, 11 ოქტომბერს კი, ჯგუფის პირველ თამაშს ბერძნებთან
ჩაატარებენ. 13 ოქტომბერს, გუცაევის შეგირდები პორტუგალიას
დაუპირისპირდებიან, ხოლო 16-ში –აზერბაიჯანს. პირველ საკვალიფიკაციო
ეტაპზე 13 ჯგუფია, ელიტ-რაუნდის საგზურს კი ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე
გასული ნაკრებები და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.
19-წლამდელები პორტუგალიაში ასეთი შემადგენლობით წავიდნენ:
მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("დინამო”), დავით ლეგაშვილი ("ნორჩი დინამოელი”), გიორგი აზნიაშვილი ("ოლიმპი”);
მცველები: მამუკა
კობახიძე ("ზესტაფონი”), საბა კვირკველია ("ზენიტი II”, რუსეთი), ავთანდილ
ბრაჭული ("რუბინი II”, რუსეთი), ბაქარ მირცხულავა ("ბენფიკა II”,
პორტუგალია), ნიკა კვეკვესკირი, ნიკა აფაქიძე (ორივე – "ბაია”), მინდია
ფუტკარაძე ("ადელი”), ირაკლი ხუჭუა ("გაგრა”);
ნახევარმცველები: თორნიკე
ოქრიაშვილი ("შახტარი II”, უკრაინა), გიორგი ჩელებაძე ("ჩერნომორეცი”,
უკრაინა), ნიკა ძალამიძე (ცსკა მოსკოვი, რუსეთი), ლევან ელიზბარაშვილი
("ნორჩი დინამოელი”);
თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია ("ვიტესი”, ჰოლანდია), ლაშა ჩაფიძე (უკლუბოდ).