25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ადრიანო კორეირა კლარო, რომელიც აქამდე
ესპანურ "სევილიაში” თამაშობდა, ამიერიდან "ბარსელონას” მაისურით
იასპარეზებს. კატალონიელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბებს შორის
შეთანხმება უკვე მიღწეულია. ადრიანოს სატრანსფერო თანხამ 9.5 მილიონი ევრო
შეადგინა, ხოლო "ბარსელონაში” წარმატებით თამაშის შემთხვევაში "სევილია”
დამატებით კიდევ 4 მილიონს მიიღებს.
ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება ხვალ მოხდება მას შემდეგ, რაც იგი ბარსელონაში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ადრიანო ამპლუით მარცხენა მცველია, მაგრამ მას სხვა პოზიციებზე თამაშიც
შეუძლია. ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში მან 11 მატჩი მარცხენა
მცველად ითამაშა, 5 მარჯვენა მცველად, 4 მარცხენა ნახევარმცველად და 3
მარჯვენა ნახევარმცველად (იგულისმხმება ის მატჩები, რომლებშიც ადრიანო
ძირითად შემადენლობაში თამაშობდა).
25 წლის ფეხბურთელს "ბარსელონაში” ყოფილი თანაგუნდელები, დანი ალვეში და
სეიდი კეიტა დახვდებიან. მათთან ერთად ადრიანო "სევილიაში” თამაშობდა.
სწორედ "სევილია” შესაძლოა გახდეს უკვე "ბარსელონას” ფეხბურთელი ადრიანოს
პირველი ოფიციალური მეტოქე. კატალონიელები პირველ ოფიციალურ მატჩს
ესპანეთის სუპერთასზე ანდალუსიელებთან გამართავენ.
ადრიანო კორეია "სევილიაში” 2005-10 წლებში თამაშობდა და ამ გუნდის
მაისურით ჩატარებულ 2010 მატჩში 19 გოლი გაიტანა. ესპანეთის ჩემპიონატის
გასულ გათამაშებაში ბრაზილიელმა 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი
5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.