არგენტინა-ესპანეთის საგამოფენო მატჩის წინ "ინტერისა" და არგენტინის
ნაკრების ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ განაცხადა, რომ თანამედროვე
ფეხბურთში ესპანეთის ნაკრები და "ბარსელონა" ყველასათვის მისაბაძი
მაგალითია. "ნებისმიერმა უნდა მიბაძოს ესპანელებს და ითამაშოს მასე ან
უკეთ, როგორც თამაშობს ეს ნაკრები. ვფიქრობ, "ფურია როხა" და "ბარსელონა"
სწორედ ის ორი საფეხბურთო გუნდია, რომელიც მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.
ნეიტრალური გულშემატკივარი ყოველთვის უნდა მიდიოდეს ასეთი გუნდების
თამაშზე, რათა ნამდვილი ფეხბურთი იხილოს. თამაშით სტილით, იდეით,
სანახაობრიობით "ბარსელონა" ყველა კლუბზე წინ დგას", - განუცხადა
"ნასიონალს" "ინტერის" ნახევარმცველმა.
დავიდ ვილიას უზარმაზარი პორტრეტი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.
ასტურიის ქალაქ ალერში მხატვარმა სესარ ფრეიმ რამდენიმე ფოტოს შეკოწიწებით
დავიდ ვილიას უზარმაზარი პორტრეტი შექმნა. 39 წლის მხატვარი თავის
ნამუშევარს უახლოეს ხანებში დაასრულებს. ფრეიმ ქალაქის მუნიციპალიტეტის
მეშვეობით სთხოვა ფეხბურთელს პორტრეტის შექმნის უფლება და ასტურიელმა "ელ
გუახემაც" უარი არ უთხრა მხატვარს. პორტრეტი უშველებელია - სიმაღლეში 5
მეტრი და სიგანეში - 44!
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს! ევრო-2011 ლიტვაში
გაიმართება და იქ საქართველოს ნაკრები ყოველგვარი დამატებითი
საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დაუშვეს, სამართალმა პური ჭამა! აგვისტოში
საქართველოს ნაკრებმა C საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა (5
მოგება, 3 წაგება) და ეს სწორედ ყველაზე უარესი მეორე ადგილი გამოდგა და,
წესით, 6-გუნდიან საკვალიფიკაციო ტურნირში უნდა ეთამაშა. მაგრამ ჩვენს
ფედერაციაში ფიბასგან ფაქსი მიიღეს, რომლის თანახმადაც ამ დამატებით
საკვალიფიკაციო ეტაპზე 6-ის ნაცვლად 10-ვე ხელმოცარულ ნაკრებს უნდა
ეთამაშა, რადგან წლევანდელი სეზონიდან ევრობასკეტის B დივიზიონი გაუქმდა.
თქმა არ უნდა, ეს იქნებოდა ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება,
განსაკუთრებით საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელმაც ბევრი იბრძოლა და
ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მაშინვე ითქვა, რომ ფიბა საბოლოო ფორმატს 5
სექტემბერს ჩამოაყალიბებდა.