საქართველოს ეროვნული ნაკრები ელადიდან ხელცარიელი არ გვიბრუნდება - თემურ
ქეცბაიას გუნდმა ევროპის ჩემპიონსა და ბოლო მუნდიალის მონაწილეს სტუმრად
ქულა აართვა და ყოველგვარი კამათის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე
წარმატებაა. შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშის ის ხარისხია,
რომელსაც საქართველოს ნაკრებისგან გადავეჩვიეთ. ბუნებრივია, იყო
შეცდომებიც, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა საფეხბურთო
გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა. პირეოსულ ფრეზე მეტად, სწორედ ეს სასიამოვნო
ფაქტორი გვაძლევს უკეთესი მომავლის იმედს. თუმცა ეს ქულა სატურნირო
თვალსაზრისითაც უდავოდ ძვირფასია და თუ წარმატებული სვლა განვაგრძეთ,
უთუოდ წაგვადგება.