სახელი: რაფაელ მარკეს ალვარესი
ნომერი: 4
დაბ. ადგილი: ზამორა (მექსიკა)
დაბ. თარიღი: 13-02-1979
სიმაღლე: 182 სმ
წონა: 74 კგ
კარიერა
რაფაელ მარკესმა თავისი საფეხბურთო კარიერა გვადალახარას “ატლასში” დაიწყო, სადაც მას დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. მან მექსიკურ კლუბში საკმაოდ წარმატებით ჩაატარა 77 შეხვედრა და 1997 წელს მექსიკის ეროვნულ ნაკრებში მიწვევაც მიიღო. 1999 წელს მარკესი მექსიკიდან 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანგულ “მონაკოში” გადავიდა. მარკესს არც საფრანგეთში გასჭირვებია თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა და უკვე პირველივე წელს იგი გუნდს ქვეყნის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. მიუხედავად დიდი კლუბების მხრიდან არსებული შეთავაზებებისა, მარკესი “მონაკოში” 2003 წლამდე მაინც დარჩა. 2003 წელს კი მან ვერ გაუძლო ცდუნებას, რომელიც გამოწვეული იყო “ბარსელონას” შეთავაზებით და 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ კატალონიურ კლუბში გადაბარგდა. პირველ სეზონში მარკესმა ესპანეთის ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა და გუნდს მეორე ადგილის მოპოვებაში დაეხმარა. ის სეზონი მარკესი დაცვის ცენტრში თამაშობდა. 2004–05 წლების სეზონში მარკესი ძირითადად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, რადგან ტრამვები აწუხებდათ ტიაგო მოტას, ედმილსონს და ჯერარდს. ეს სეზონი მარკესმა ბრწყინვალედ ჩაატარა და “ბარსელონას” მიერ ესპანეთის ჩემპიონატის მოგების ერთ–ერთ შემოქმედად იქცა.
მარკესს მექსიკის ნაკრებში დებიუტი 1997 წლის 5 თებერვალს ჰქონდა ეკვადორის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მარკესი მალე ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა, ხოლო 2002 და 2006 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე მან ნაკრების ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რაფა მარკესი დღესაც ნაკრების შეუცვლელ წევრად ითვლება და ღირსეულადაც ატარებს კაპიტნის სამკლაურს.
პირადი ცხოვრება
რაფაელ მარკესმა 2001 წელს ცოლად მოიყვანა მექსიკელი მსახიობი – ადრიანე ლევატი. მათ ორი შვილი ეყოლათ: სანტიაგო და რაფაელა. 2005 წლის ბოლოს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. პრესაში გავრცელდა ჭორი, რომ დაშორების მიზეზი რაფაელის ღალატი იყო.
გუნდური მიღწევები
კონფედერაციის თასის გამარჯვებული – 1999
ჩრდილოეთ ამერიკის თასის გამარჯვებული – 2003
საფრანგეთის ჩემპიონი – 1999/00
საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი – 1999/00
საფრანგეთის ლიგის თასის მფლობელი – 2002/03
ესპანეთის ჩემპიონი – 2004/05, 2005/06, 2008/09
ესპანეთის თასის მფლობელი – 2008/09
ესპანეთის სუპერთასის მფლობელი – 2005/06, 2006/07, 2009/10
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული – 2005/06, 2008/09
ევროპის სუპერთასის მფლობელი – 2009/10
მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონი კლუბებს შორის – 2006
ინდივიდუალური მიღწევები
1999–00 წლების საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი
ჩრდილოეთ ამერიკის 2005 წლის საუკეთესო ფეხბურთელი
2006 წლის მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი (IFFHS)
წარდგენილი იყო 2007 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად