მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართული მატჩები თითქმის ყოველთვის განსაკუთრებულია. გასულ სეზონზე ამ გუნდებმა 14 გოლით გაგვანებივრეს. ბარსამ მოიგო თამაში კამპ ნოუზე 6_1 და მადრიდში 3-4 დამარცხდა. მრავალმა ნეიტრალმა ეს სეზონის საუკეთესო თამაშად აღიარა. ახალი სეზონი ატლეტიკოსთვის არც ისე სასიამოვნოდ დაიწყო: მალაგასთან 0-3 წაგება და ლა ლიგაში რეისინგ სანტანდერთან სახლში ფრე – 1:1. მწვრთნელს, აბელ რესინოს მოუწევს დაშავებული რაულ გარსიას, კამაჩოს და პერნიას გარეშე გააგრძელოს ასპარეზობა, ამასთან პირველი მეკარე, სერხიო ასენხო მიუწვდომელია ეგვიპტის მსოფლიო თასის გამო. რესინომ ახალგაზრდული ნაკრების სამი ფეხბურთელი დაამატა მთავარ შემადგენლობას ბარსელონას წინააღმდეგ. ატლეტიკოს 19-ფეხბურთელიანი შემადგენლობა ამჟამად ასე გამოიყურება: რობერტო, დე გეა, ვალერა, ანტონიო ლოპეზი, ხუანიტო, უჯფალუსი, პერეა, პაბლო, ხურადო, მაქსი როდრიგესი, ასუნკაო, რეიესი, სიმაო, კლებერ სანტანა, კოკე, კეკო, ფორლანი, აგიერო, სინამა-პონგოლი. სავარაუდოდ, გუარდიოლაც გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს გუნდის შემადგენლობაში. შესაძლებელია ჟერარდ პიკე დმიტრი ჩიგრინსკიმ ჩაანაცვლოს, რომელიც მზადაა დებიუტისთვის. ერიკ აბიდალის ნაცვლად კი ალბათ მაქსველი ითამაშებს, ხოლო სერხიო ბუსკეტსი იაია ტურეს ჩაანაცვლებს. შეკითხვა – შეძლებს თუ არა თამაშს ანდრეს ინიესტა _ კვლავ ღია რჩება. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე გუარდიოლამ განაცხადა, რომ ინიესტა ნელ-ნელა დაბრუნდება გუნდში, ამიტომ ადვილი შესაძლებელია ის მხოლოდ სკამზე ვიხილოთ, თუმცა სასურველია მას მეტი შანსი მიეცეს, ვიდრე 13 წუთი, როგორც ინტერთან თამაშის დროს მოხდა. პრობლემების მიუხედავად, ატლეტიკო საშიში გუნდია. ნებისმიერი გუნდი, რომელსაც შემადგენლობაში ჰყავს აგიერო, ფორლანი, სიმაო და მაქსი როდრიგესი, პატივისცემას იმსახურებს. ჩემი ვარაუდით, ბარსა მსხვილი ანგარიშით მოიგებს, თუმცა არ ღირს ველოდოთ, რომ ეს გამარჯვება ისეთივე მარტივი იქნება, როგორც გასულ სეზონზე. სავარაუდო საწყისი 11: ვალდესი, ალვეში, პუიოლი, ჩიგრინსკი, მაქსველი, ქსავი, ბუსკეტსი, კეიტა, მესი, იბრაჰიმოვიჩი, ანრი. სავარაუდო ანგარიში: ბარსა: ატლეტიკო – 3:2
|